TaskIt-ის ქალი მეწარმეები – 8 მარტის სპეციალური ინტერვიუ ხელოვანი ქალების ხმა: თინა ჩერტოვა

მიერ: TaskIt
მარ 07, 2025
ნახვები: 325
კომენტარები: 0

8 მარტი არა მხოლოდ ქალთა საერთაშორისო დღეა, არამედ ეს დღე შესაძლებლობაა, წარმოვაჩინოთ ძლიერი და შთამაგონებელი მეწარმე და შემოქმედი ქალები. TaskIt-ის 8 მარტის კამპანიის ფარგლებში, ჩვენ ვესაუბრეთ თინა ჩერტოვას – პერსონაჟების შემქმენლსა და მურალისტს, რომელიც თავისი ნამუშევრებით არამარტო ამშვენებს ქალაქებს, არამედ მნიშვნელოვან სოციალურ გზავნილებსაც ავრცელებს. 

- გამარჯობა, მოგვიყევით თქვენს შესახებ. 

- გამარჯობა, მე თინა ჩერტოვა ვარ, პერსონაჟების შემქმნელი და მურალისტი. 

15 წელზე მეტია, რაც ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობ. პროფესიონალურად ვუდგები კლიენტების მოთხოვნილებებსა და მათთვის ვქმნი კომფორტულ გარემოს. კედლების მოხატვით კი ვავითარებ ბრენდის იდენტობას, ვქმნი ახალი პროდუქტის რეკლამასა და ვეხმარები კომპანიებს სოციალური პროექტებში აქტიურობისთვის.

-  მოგვიყევით თქვენსა და ხელოვნების ურთიერთობაზე, როდის მიხვდით რომ ეს თქვენი ცხოვრების პროფესია იყო?

- ხელოვნება ჩემი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი იყო. ჩემი შემოქმედებითი გზა კი დროისა და სიტუაციის მიხედვით იცლებოდა - თავიდან გრაფიკით ვიყავი დაინტერესებული, შემდეგ Digital დიზაინით, ამას მოყვა UI/UX დიზაინი, შემდფეგ პერსონაჟებისა და ისტორიების შექმნა და საბოლოოდ, მურალიზმამდე მოვედი. 
 
- რამდენად რთულია ქუჩის ხელოვნების შექმნა ტექნიკური თუ სოციალური თვალსაზრისით?

- ზოგადად, ქუჩის ხელოვნება საკმაოდ დინამიკურია და საქართველოშიც სწრაფად ვითარდება. 

ეს არის თანამედროვე ხელოვნების უძლიერესი მიმდინარეობა რომელიც არტისტს საშუალებას აძლევს, არა მარტო გაალამაზოს ექსტერიერი, არამედ  მთავარი გზავნილებიც მიიტანოს მოსახლეობასთან. 

Street Art-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაც ესაა, რომ ამ ნამუშევრების ნახვა ყველას შეუძლია, მათ შორის მათაც, ვინც საგამოფენო სივრცეებს იშვიათად სტუმრობს.

ქუჩის ხელოვნება ტექნიკურად და ფიზიკურად ერთ-ერთი ყველაზე რთული, რისკიანი და ამასთანავე შთამბეჭდავი სამუშაოა – ხშირად მხატვრებს მრავალსართულიანი შენობებიდან დაკიდებულ მდგომარეობაში უწევთ მუშაობა.

- თქვენს ერთ-ერთ ნამუშევარზეც რომ გვესაუბროთ, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ ან განსაკუთრებული ისტორია აქვს?

- რამდენიმე საყვარელი ნამუშევარი მაქვს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ერთ-ერთი მათგანი Georgian Mural Fest-ის ფარგლებშია შექმნილი და მოიცავს ქართული ქალაქების – თბილისის, ქუთაისისა და გორის  კედლებზე განთავსებულ მურალებს, რომლებიც ტრადიციული ორნამენტების, ქალაქის ისტორიისა და თანამედროვე ილუსტრაციების ინტეგრირებით ქართული ქალაქების ისტორიებზე საუბრობს. 

ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო UN Women-ის მთავარი ოფისის მოხატვა თურქეთში, სადაც კედელზე განთავსდა სხვადასხვა ქალის ისტორიები. ეს არა მხოლოდ დეკორატიული ელემენტი გახდა, არამედ მინი-გალერეაც, რომელიც ბიოგრაფიულ და შთამაგონებელ გზავნილებს აერთიანებს.

- ქალები ყოველდღიურად ბევრ გამოწვევას ხვდებიან, იყო თუ არა ისეთი მომენტები კარიერაში, როცა ქალად ყოფნა ბარიერად აღიქმებოდა?

- ჩემი გადმოსახედიდან, ამ სფეროში ქალები უფრო აქტიურები, შრომისმოყვარეები, ორგანიზირებულები არიან ვიდრე მამაკაცი მხატვრები. როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე ევროპაშიც ძალიან ბევრი ქალი მურალისტია, თუმცა საქართველოში, განსაკუთრებით დედაქალაქის გარეთ, პატრიარქატული სტანდარტების გამო მუშაობა გართულებულია. ამასთანავე, საინტერესოა, რომ კომერციულ პროექტებში ქალები სულ უფრო მეტად იკავებენ წამყვან პოზიციებს, რამაც უფრო წინ წამოწია, „Women Support Women” კამპანია და ქალებისთვის უფრო უსაფრთხო და ორგანიზებული სამუშაო გარემოს შექმნაშიც თავისი წვლილი შეიტანა. 

- რა იყო ყველაზე დიდი სირთულე, რაც ქუჩის მხატვარ ქალად ყოფნამ მოგიტანა?

- ქუჩის მხატვრობა მოითხოვს არაერთ ლოჯისტიკურ და ტექნიკურ დეტალზე ზრუნვას – უსაფრთხოების ზომების დაცვას, სპეცტექნიკის გამოყენებასა და მოლაპარაკებებს ადგილობრივ წარმომადგენელებთან. ამ პოზიციებზე 99% მამაკაცები არიან, ამიტომ ხშირად მიწევს პატრიარქატთან ბრძოლა და ჩემი პოზიციებისა და საზღვრების დაცვა.

ყველაზე რთულია, ამ ჯგუფისთვის თავისი სტიგმებისა და დოგმების გადალახვა, კაცების უმეტესობა ვერ იღებს იმ ფაქტის, რომ ზოგჯერ  „ლიდერობის" დათმობაც მოუწევთ, რადგან იგივე საქმის გაკეთება ქალებსაც შეგვიძლია.

- მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში, ნებისმიერი ადგილის მოხატვა რომ შეგეძლოს, სად და რას დახატავდით? 

- ჩემი ოცნებაა ერთ-ერთი რეგიონის/სოფლის/ქუჩის მოხატვაა ერთ სტილში.

მინდა, რომ ამ ახატმა ამ ადგილის ისტორიაზე და კულტურაზე ისაუბროს.  ეს პროექტი არა მხოლოდ ადგილობრივებს დაეხმარება, რომ თავიანთი იდენტობა იგრძნონ ხელოვნებაში, არამედ ტურისტებისთვისაც უნიკალურ გამოცდილებად იქცევა.

- რას ურჩევდი ადამიანებს, რომლებიც მხატვრობით არიან დაინტერებულები?

- ყველა ახალგაზრდა ხელოვანს ვურჩევდი, რომ მეტად ჩაერთონ სოციალურ საკითხებში და არა მხოლოდ ნამუშევრის ესთეტიკურ მხარეზე იფიქრონ, არამედ მის შინაარსობრივ მნიშვნელობაზეც. ასევე, მნიშვნელოვანია საკუთარი ბრენდის განვითარება, ინდივიდუალიზმის შენარჩუნება და მუდმივი მუშაობა პიროვნულ ზრდაზე. 

TaskIt აგრძელებს ქალი მეწარმეების მხარდაჭერას და მათი ისტორიების გაზიარებას. თუ ხარ ქალი შემოქმედი და გსურს შენი ნამუშევრები ფართო აუდიტორიას გააცნო, შემოუერთდი TaskIt-ის საზოგადოებას!

 

კომენტარის დასაწერად, შედით თქვენს ანგარიშში

ბოლო პოსტები
ბლოგის წვლილი

დაწერეთ ჩვენთვის; წვლილი შეიტანეთ ჩვენს ბლოგში!

ჩვენ მუდმივად ვეძებთ კონტენტ კრეატორებს და კონტრიბუტორებს, რომლებიც დაგვეხმარებიან ჩვენი ბლოგის ვიზიტორებისთვის საინტერესო კონტენტის შექმნაში.

შემოგვიერთდი